“ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში” – მონიტორების დაკავების საკითხს ევროკავშირის მაღალჩინოსანი ეხმაურება

ოკუპანტების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავების საკითხს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე სერიოზულ ინციდენტს უწოდებს, ჟან კრისტოფ ბელიარის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა გრძელდება და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში მიემგზავრება:

“ეს ნამდვილად სერიოზული ინციდენტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას, და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, რასაკვირველია არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი.

სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ის შეხვდება რუს კოლეგებს, ჩვენ ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას,” – განაცხადა ჟან კრისტოფ ბელიარმა.

banner
წინა სტატიაში“მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორებთან”- ერგნეთში IPRM-ის ტექნიკური შეხვედრა იმართება
შემდეგი სტატიაზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა