,,ჩვენი სიამაყეები უკვე მიწაში ლპებიან, ვიდრე დამნაშავეები არ დალპებიან, მანამ აქ ვიდგებით, არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის და ზაზა სარალიძე გორში მიმდინარე აქციის მონაწილეების პროტესტს უერთდებიან. ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს, გორის ადმინიტრაციულ შენობასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის ახლობლები ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

„მე და ზაზა სარალიძე გორში ჩამოვედით იმისათვის, რომ ორივე შევუერთდეთ ამ აქციას და ამ ხალხს გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგი ვართ. ჩვენს ძალებს აუცილებლად გავაერთიანებთ არამარტო გორში, არამედ ყველგან. მე იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ფეხზე დადგება“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

„ჩვენი სიამაყეები უკვე მიწაში ლპებიან. ვიდრე დამნაშავეები არ დალპებიან, მანამ აქ ვიდგებით. არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით. ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად ვითხოვთ. კანონს თავად არღვევენ და კიდევ უფრო დაარვევენ თუ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება“,- განაცხადა სარალიძემ.

სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას ობიექტური გამოძიების მოთხოვნით უკვე რამდენიმე საათია მართავენ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია მიმდინარეობს, შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
შემდეგი სტატიასაქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge კიდევ ერთხელ გახდა ანაჰიტ სტელმაშოვასა და ილია ლომთათიძის წარმატების თანამონაწილე