“ჩვენი შიდა ოპონენტები დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია”

ჩვენი შიდა ოპონენტები დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ასეთია – ან მე ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ევროკავშირის საბჭოსადმი მოწოდებას, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყოს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შესრულდა.

„წლის დასაწყისში საქართველოს უნდა მიეღო ვიზალიბერალიზაცია, ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო იყო დამოკიდებული არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება და რასაც დღევანდელ მსოფლიოში აქვს ადგილი. აქაც გადალახულია გარკვეული ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის. არ შემიძლია არ შევეხო მაინც ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ, რომ მათი გეგმა ასეთია – ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე და შესაბამისი პასუხიც გასცა მათ 8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა და კიდევ ერთხელ გასცემს ასეთ პასუხს 30 ოქტომბერს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ხორციელდება