განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ქვეყნის განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესში საპარლამენტო დიპლომატიის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს პარლამენტის წევრების რუმინეთსა და ფინეთში გამართული ვიზიტების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ვიზიტები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევისათვის.
„რუმინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ის არის ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ეს ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენი კომიტეტის წევრებს სამუშაო შეხვედრები გვქონდა როგორც ჰელსინკის მერიაში, ასევე სამინისტროში და გარდა იმისა, რომ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას გავეცანით ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ კომიტეტს შორის“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა იმ ცვლილებებსა და სიახლეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ახალგაზრდული მიმართულებით ხორციელდება. მისი თქმით, ახლახან კომიტეტში ახალგაზრდობის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა და აქტიურად დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ახალგაზრდობის მიმართულებით.
„ის რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობით ხორციელდება, კვლევებსა და სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტებზეა დაფუძნებული. ის ზუსტად ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს ჩვენს ახალგაზრდებს აქვს. მათი სრულფასოვანი განვითარების მიზნით განხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები და შეიქმნება ხელსაყრელი გარემო ახალგაზრდების დასაქმებისთვის“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე შეფასებით, ახალგაზრდული პოლიტიკის ახალი ხედვა, რომელიც მთავრობამ ამ ცოტა ხნის წინ წარუდგინა საზოგადოებას, ხელს შეუწყობს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას.