“ჩვენი ქვეყანა ცოცხალია და ის აუცილებლად გადარჩება თუ ჩვენ თვითონ არ ჩავიქნევთ მასზე ხელს”

ირინა სარიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურებაა:

“რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, უზურპირებული პარლამენტის ბოიკოტი;

რა თქმა უნდა, უკეთესი იყო მეორე ტურზე უარის თქმა, ისე როგორც ეს სანდრა რულოვსმა გააკეთა;

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს მაინც, ძალა, რომელსაც სულ მცირე ნახევარმა მილიონმა თავგადადებულმა ადამიანმა მისცა ხმა და რომელიც ეხლა მაინც უნდა დარწმუნებულიყო, რომ მართალი ვიყავით, ვინც ამ არჩევნებად წოდებული ფარსის გაპროტესტებას ვითხოვდით, არ ცნობს ამ უფლებამოსილებას, არ შევა რუსული “დუმის” ფილიალში, არ “გააპრავებს” ძალაუფლების უზურპაციას და ამ ძალიან მძიმე ერთ წელიწადს ხალხთან ერთად გაატარებს და დემოკრატიულ დეკორაციად არ დარჩება ერთი კაცის კერძო ხელისუფლებაში;

რა თქმა უნდა, თუ მაინც შევა პარლამენტში ძალა, რომელსაც მე ამ ნახევარ მილიონთან ერთად ხმა მივეცი, უკეთესი იქნება თუ, არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორც მინიმუმ იმას მაინც მოახერხებს რომ რუსი ოლიგარქის ნათქვამი – ცუციკებივით მეყოლებიან პარლამენტშიო, არ გაამართლოს…

ივანიშვილის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური დასაყრდენია და რა თქმა უნდა ის ვინც ამ გეგმას მოემსახურება, თავად იყენებს თავს საქართველოს მომავლისთვის ბრძოლის გარეთ!

ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე ჩვენზე აღარაა დამოკიდებული…

მაგრამ ჩვენზე – სულ მცირე ნახევარ მილიონზეა დამოკიდებული, რას ვიზამთ ჩვენ – ხელს ჩავიქნევთ, დავიღლებით თუ ღრმად ჩავისუნთქავთ და ახალი ძალით ამოვისუნთქებთ!
ძნელია, ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში ნერვების მოთოკვა, სასოწარკვეთის დაძლევა არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის გამო, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ ეს ქვეყანა ჩვენი შვილია, შვილი რომელიც ავადაა და ბევრმა ექიმმა გვიმტყუნა ან ვერ შეძლო დახმარება. სანამ შვილი ცოცხალია,მასზე ხომ არცერთი მშობელი არ ჩაიქნევს ხელს და ბოლომდე იბრძოლებს მის გადასარჩენად! ჰოდა საკუთარ ქვეყანასაც თუ ასე შევხედავთ, ძალიან ადვილია ძალის და მომავლის იმედის შენარჩუნება მიუხედავად ყველაფრისა!
ჩვენი ქვეყანა ცოცხალია და ის აუცილებლად გადარჩება თუ ჩვენ თვითონ არ ჩავიქნევთ მასზე ხელს!

მე არათუ არ დამიკარგავს იმედი, პირიქით, რაც დღეს ხდება, უფრო მეტ ძალას მაძლევს რომ ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძოლო!
მე ისევ იქ ვარ სადაც ვიყავი – საქართველოს მომავალთან!”,- წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აღადგინოს
შემდეგი სტატიაგოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 30 სმ-ს მიაღწია