ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი აშშ-სა და საქართველოს შორის იქნება ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი და მოხარული ვარ, რომ ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან ყველა დონეზე იმ შეხვედრებზე, რომელიც ჩვენ გავმართეთ ვაშინგტონში ამ იდეასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მზადყოფნა არსებობს.
„ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი აშშ-სთან არის ძალიან მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი. ჩვენ დღეს ვართ ურთიერთობის იმ ეტაპზე, როდესაც ორივე მხარე ვაფიქსირებთ მზადყოფნას იმისთვის, რომ გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად მაღალ საფეხურზე. ეს განსაკუთრებით შეეხება ორ მიმართულებას – ეს არის ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების ნაწილში და და ამავე დროს ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთან ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულების პარალელურად საქართველოსთან გაიხსნას კონკრეტული დიალოგი შესაბამისი უწყებების დონეზე.