„ჩვენი პოზიცია იქნება მკვეთრი და რადიკალური”-დავით ბაქრაძე

„ჩვენი პოზიცია იქნება მკვეთრი და რადიკალური. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრსა და პოლიტიკურ პარტიებს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„თუ უწყებას მივეცით იმის საშუალება, რომ დღესვე, ჩვენი გვერდის ავლით, გვითხრას, რომ მე მოვიგებ 2020 წლის არჩევნებს, მაშინ საქართველოს მომავალი პერსპექტივა აღარ ექნება.

ჩვენი პოზიცია იქნება მკვეთრი და რადიკალური. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრსა და პოლიტიკურ პარტიებს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი არსებული სისტემით, არჩევნების ჩატარებისა და მასში გამარჯვების საშუალება არ მივცეთ. მაგრამ სანამ უფრო გრძელვადიან გეგმებზე გადავალთ, პირველი რისკენაც მინდა მოვუწოდო საზოგადოებას არის დღეს, 7 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის აქცია პოლიტიკური პარტიების დასაცავად. დღეს, 7 საათზე პარლამენტთან ყველა მივდივართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი ცხოვრება, არჩევანი და უფლება. უარი უნდა ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც სიღარიბესა და უბედურებაში ყველა ერთად შეგვიყვანა.

ჩვენ, „ევროპული საქართველო“, მთელი შემადგენლობით ვიქნებით აქციაზე.

მინდა თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ვისაც უნდა, რომ მისმა ოჯახმა და შვილებმა ნორმალურად იცხოვრონ ამ ქვეყანაში და არ იყვნენ დამოკიდებულები იმ მონებზე, რომელთა მუშაობის შედეგიც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, მოვიდეს აქციაზე.

დავდგეთ ერთად, გამოდით 7 საათზე, ერთად დავიცვათ თავისუფლება და ჩვენი თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ამოვიღოთ ხუნდაძის განცხადებები, სულ წინააღმდეგი იყო”
შემდეგი სტატიავარაია პროპორციულის ჩაგდებაზე-მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება