პოლიტპატიმარი გიორგი ვაშაძე ციხიდან წერილს აგზავნის, სადაც აღნიშნულია, რომ რეჟიმი ადამიანურ სახეს კარგავს და ამის დადასტურება ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალებაა, როცა ონისემ მამასთან დამშვიდობებაც ვერ მოასწრო.
“ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ შეგუებული იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის. მაგრამ, დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის გარდაცვლილ მამას ვერც კი დაემშვიდობა.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები. ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.
ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას”. – წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.