ჩვენი მოთხოვნაა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ ილურიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

სოფელ ფლავისმანთან ადგილობრივი მცხოვრების, თამაზ ილურიძის უკანონო დაკავების ფაქტი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რუსი სამხედროების მიერ სოფელ ფლავისმანთან ადგილობრივი მცხოვრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„გუშინ, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი, ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თამაზ ილურიძე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, რასაც ასევე ველოდები ბუნებრივია. შეფასების თვალსაზრისით ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ეს არის მორიგი გამოვლინება იმ პოლიტიკისა, რომელიც არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული უკვე წლების განმავლობაში, როდესაც ისინი იმყოფებიან საკუთარ კარმიდამოში, ამ შემთხვევაში, საკუთარ საძოვარზე და ხდება ადამიანების სრულიად უკანონოდ დაკავება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ძირითადად, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პირები ადგილობრივები არიან და ეს პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი, მთლიანად განგრძობითი ოკუპაცია არის მიმართული ყველას წინააღმდეგ, ვინც ცხოვრობს პირველ რიგში ადგილზე, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.

„ეს რეჟიმი, შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, მართულხლართები, ასევე მოქმედებს იმ ოსი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ გადაადგილება დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და არ ეძლევათ ამის საშუალება.

გასულ წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ სამჯერ მეტი ადამიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ გადმოუშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვიდრე პირიქით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქეთავნ ციხელაშვილი ელცებთან შეხვედრაზე ისაუბრებს, რომელიც უკვე დაიწყო.

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანგარიში პირდაპირი ლუსტრაციაა ხელისუფლების არასაკმარისი რეაგირების იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: „გამარჯობა, თქვენ იმყოფებით ღმერთის კუთვნილ მიწაზე“