“ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ… ამას არ შევეგუებით”, – ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე საუბრობს.
დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებული არის 12 რეკომენდაციით. ასევე, ჩვენ, პარტიასთან ერთად, შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას, რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება, ვფიქრობ, მაქსიმუმ, თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მითუმეტეს, კიდევ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან შედარებით, უკრაინა, მოლდოვა… ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ არავის არ ვედრებით მაგრამ ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით შექმნილი არის მთელს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში, ევროპის კონტინენტზე და იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, პარტიამ და პარლამენტმა მთლიანად მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ, – ამბობს ღარიბაშვილი.