,, ჩვენი მხრიდან განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურად განაცხადებს გრიგორი კარასინის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ზურაბ აბაშიძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

„ბატონი კარასინის შესაძლო შეცვლის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ოფიციალური წყაროებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაიმე ცნობა არ ყოფილა, შესაბამისად ამ ეტაპზე რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. შესაბამისი განცხადება ჩვენი მხრიდან მას შემდეგ გაკეთდება, რაც რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურად განაცხადებს გრიგორი კარასინის თანამდებობის დატოვების შესახებ“, – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ პირველ არხს.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ამ ფაქტმა მოლაპარაკებების პროცესი შეაფერხოს, ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დაგეგმილია შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – გაუფასურებული ლარი და დანაკარგი ქართულ ეკონომიკას
შემდეგი სტატია,,არსებობს საფრთხე, ირაკლი ოქრუაშვილზე ზეგავლენა მოახდინონ, ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ მოლაპარაკებებს, რათა მან პოზიციები შეარბილოს”