“ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საეკლესიო სამართლის დარღვევას”- ბერი იერონიმოსი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება

საბერძნეთში ბერად აღკვეცილი გიორგი ქათამაძე იგივე ბერი იერონიმოსი საქართველოს საპატრიარქოს მიერ დრეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახურს საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა საქართველოს საპატრიარქოს სათანადო ნებართვის გარეშე არ უნდა განეხორციელებინა:

“გვსურს, პირადად ჩემი ( ბერი იერონიმოსი (ქათამაძე) და ჩემი სულიერ ძმის, ბერის ირინეოსის (შენგელიას) სახელით გავაკეთოთ განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს, დღეს გავრცელებული გამოხმაურების შესახებ, რომელიც ჩვენ და ჩვენს აღკვეცას ეხება.
უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებთ შვილობრივ სიყვარულს, მოწიწებასა და ერთგულებას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, მისი მამამთავრის, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორესადმი, წმიდა სინოდისა და საქართველოს საპატრიარქოსადმი. ჩვენ სადაც ვიქნებით და რა ხარისხშიც, მუდამ საკუთარ თავებს მოვიაზრებთ საქართველოს დედაეკლესიის შვილებად.
რაც შეეხება, საქართველოს საპატრიარქოს გამოხმაურებაში ნახსენებ ფრაზას “საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე” (იგულისხმება არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი), აღნიშნულთან დაკავშირებთ შევნიშნავთ შემდეგს: ჩვენ საქართველოს ეკლესიის წიაღში არანაირი ხარისხი გაგვაჩნდა. მეტიც, ჩვენი სულიერი მოძღვარი აღკვეცამდე და აღკვეცის შემდეგ, გახლავთ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი), რომელმაც, როგორც თავისი სულიერი შვილები, მე და მათე შენგელია – აწ უკვე მამა ირინეოსი, აღვგკვეცა დიდ სამონაზვნო სქემებში. შესაბამისად, ხსენებული ქმედებით არქიმანდრიტ დიონისესა და ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საეკლესიო სამართლის არცერთი მუხლის დარღვევას და ადმინისტრაციულ დონეზე ვიმყოფებით ელადის (საბერძნეთის) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, რომელთანაც სრული ევქარისტიული კავშირი გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
აქვე, დავსძენთ ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო, ხოლო ადგილობრივი დაყოფა მხოლოდ ადმინისტრაციული იერარქიული მმართველობისა და გეოგრაფიული ნიშნით ხდება. შესაბამისად, ჩვენ ვართ ქრისტეს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სულიერი შვილნი, დიდ სქემოსანი ბერები(რასაც სცნობს და აღიარებს საქართველოს საპატრიარქო), რომლებიც ვიმყოფებით ელადის (საბერძნეთის) მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულ იურისდიქციაში.

ვითხოვთ შენდობასა და თქვენს წმიდა ლოცვებში მოხსენიებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

უღირსი ბერი + ირინეოსი (შენგელია)

უღირსი ბერი + იერონიმოსი (ქათამაძე)”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქოს გამოხმაურება ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის გამო
შემდეგი სტატიათსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი გახდა