საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავს, უმრავლესობამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მათ მხარი არ დაუჭირეს.
კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი“.
„თავდაპირველად შედგა კომიტეტის სხდომა, სადაც არ იყვნენ მოსული კანდიდატები, თუმცა მათი პოზიცია გასაგებია ამ ფონზე. იყო სერიოზული რისკი, რომ შეიძლება, ოპოზიციას რაღაც ახალი აჟიოტაჟისთვის გამოეყენებინა ეს პროცედურა და რეალურად, ვერ შედგებოდა იმ შინაარსისთ საკომიტეტო მოსმენა, რა შინაარსიც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, გასაგებია მათი პოზიცია. ამის გამო კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, საგანგებოდ შევიკრიბეთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევის თაობაზე. მინდა, განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები.
პრინციპში, გუშინ ოპოზიციის წამომადგენლებმა თავად შემოგვთავაზეს განმარტება. პირდპირ, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა, შემდეგ დილით კომიტეტზე მოვიდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო, მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესებში, თავადაც ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ – რადიკალური ოპოზიცია თავისი სალომე ზურაბიშვილით, მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი. მათი გათვლაა, რომ წლის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელდბდა ეფექტიან საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს, რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ, ყველა და ყველაფერი გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიცას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ კანდიდატებს პრეზიდენტთან და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი.
ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მომაწოდეს ინფორმაცია. ეს არის უკიდურესად უღირსი ქმედება, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს, კანდიდატებს ხომ ენდობოდა, მათ მიმართ არ აქვს კითხვები, მაგრამ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – საბოტაჟი ეროვნული ბანკის, ანუ ეროვნული ბანკი უნდა გამხდარიყო არაქმედითუნარიანი. პირდაპირ ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი, სრული ალიანსია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც ძალიან მძიმეა. ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც გქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება, დახვიდე სალომე სამადაშვილამდე და არ მინდა, სხვების გვარები ჩამოვთვალო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „თავად კანდიდატებს სურთ, რომ დაიკავონ ეს თანამდებობები?“, – კობახიძე პასუხობს: „კი, ეს გადამოწმდა სათანადო წესით. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მათი არჩევის თაობაზე და საბოტაჟი არ შედგა. თქვენ გახსოვთ, აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ თავის დროზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე და როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, მათ სურდათ საბოტაჟი. ხომ გამოჩნდა დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი, არცერთის გამოკლებით, წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიცის წარმომადგენლებამდეც მიდის ეს ყველაფერი. როცა მივიღეთ ინფორმაცია, შევიტანეთ ეს ცვლილება“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სწორედ სახელმწიფო ინტერსების და არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების შესაბამისად“.
„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც, იგივე ლარის კურსთან, ინფლაციასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ეროვნულ ბანკში. ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება ეროვნულ ბანკში და ამას ვგულისხმობ. კრიტიკულ მომენტში იყო სერიოზული რისკები დაკავშირებული ამ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ერთ-ერთი შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, იყო ძალიან სერიოზული რისკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.