” ჩვენი ინიციატივა გავუგზავნოთ ვენეციის კომისიას, ეუთო-ოდირ-ს და თუ იტყვიან კონსტიტუციურიაო, ესე იგი დამთავრდა ამით ყველაფერი”

ჩვენი ინიციატივა გავუგზავნოთ ვენეციის კომისიას, ეუთო-ოდირ-ს და თუ იტყვიან კონსტიტუციურიაო, ესე იგი დამთავრდა ამით ყველაფერი, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.

მან შეაფასა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობების პროექტი, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს. ვაშაძის თქმით, მათ მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც „გერმანულ მოდელს“ ეყრდნობა, კონსტიტუციურია.

„დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები, თუ ვინმეს რამე იურისპრუდენციაში მოეკითხება, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველა თანხმდება, რასაც ჩვენ წარვადგენთ, არის სრულად კონსტიტუციური. ვინ არ თანხმდება ამას – ის ადამიანები, ვინც ერთხელ უკვე მოგვატყუა და გვითხრა, რომ ვითომ უმრავლესობა არ იყო საკონსტიტუციო და არ მიიღეს ცვლილება. ეს არის წყლის ნაყვა. ისინი არიან კუთხეში მიყენებული და მე ერთ რამეს მოვუწოდებ, შავზე თეთრის მტკიცებით თავის სახეს აუბედურებენ.

მოვუწოდებ, რომ სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნეთ და დაეთანხმეთ იმას, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ის ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების მისწრაფებას და მთავარი, ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა საარჩევნო სისტემა და არა საარჩევნო სისტემით მანიპულაცია, ეს არის მთავარი მიზანი. ეს არის კარგად გათვლილი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ეყრდნობა „გერმანულ მოდელს“, მაგრამ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.

არ დაგიმალავთ, კომუნიკაცია გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, გავაცანით ეს ყველაფერი. ეუთო-ოდირს მივმართავთ, რომელიც ყველაზე მაღალი სანდოობის არის საერთაშორისო თვალსაზრისით ამ კუთხით და ვამბობთ, მოდით ვენეციის კომისიასაც გავუგზავნოთ, ოდირ-საც გავუგზავნოთ, იტყვიან კონსტიტუციურია, ესე იგი, კონსტიტუციურია და დამთავრდა ამით ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა შორისაც არიან „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა. პარტიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გამართეს და ეუთო-ოდირს გაუგზავნიან. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით შეიტანენ პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე რუსული ენის ცენტრზე-კომერციული სავიზო ცენტრი თბილისში რუსული ენის კურსებს ხსნის
შემდეგი სტატია“ხელისუფლება თუ დაგვარიგებს, რომ „გერმანული მოდელი“ ანტიკონსტიტუციურია, ეს პროცესი ჩაიშლება”