ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე – თალაკვაძე

დღესაც აქვს კითხვები საზოგადოებას შეწყალებაზე, ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩართოს ამ პროცესში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეწყალების საკითხთან და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. თალაკვაძის თქმით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს სამმაგი სტანდარტი აქვს.

,,ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნასა და მისი აღსრულების მონიტორინგზე. შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს. როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და N რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება ანუ როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საკითხის თაობაზე საზოგადოებაში კითხვები დღესაც არსებობს.

“დღესაც აქვს კითხვები საზოგადოებას შეწყალებაზე, ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩართოს ამ პროცესში. ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, მისი დისკრეცია. ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშირა საცოდაობაა… ოცნებელებიც რა ყიჟინით აჰყვებიან, ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა ერქვაო”
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, კენჭისყრამდე დიპლომებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული – თალაკვაძე