,,ჩვენი ერთ-ერთი უზენაესი ამოცანაა, მავთულხლართები და ბარიკადები მშვიდობიანად დაიშალოს”

ვიდრე საქართველოს მიწის ერთი სანტიმეტრი მაინც არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება ის, რომ მავთულხლართები დაიშალოს, – ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთი უზენაესი ამოცანა, სწორედ მავთულხლართებისა და ბარიკადების დაშლაა.

„მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით, არანაირი სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. როდესაც ჰქონდა მცდელობას ადგილი, მე პირადადაც გახლდით დაუყოვნებლივ ჩასული სოფელ ატოცში, ყველა ჩვენს ხელთარსებული მექანიზმი ავამოქმედეთ, რომ კონკრეტულად იმ მონაკვეთში ეს პროცესი შეჩერებულიყო, თუმცაღა ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე ერთი სანტიმეტრი საქართველოს მიწის არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება ის, რომ მავთულხლართები დაიშალოს. ჩვენი სამუშაო არ დუნდება და მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები. ჩვენ საქმეს ყოველდღიურად ვაკეთებთ ამისთვის და გარწმუნებთ, ნამდვილად არ მოდუნდება საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ეს ამოცანები არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას განაგრძობს და მავთულხლართები უშლის ხელს საქართველოს მოქალაქეებს, გადაადგილდნენ.

„ჩვენი ამოცანაა პრევენცია მოხდეს, არ ხდებოდეს რეგულარული და მუდმივი პროვოკაციები. რიგითი პოლიციელებიდან დაწყებული, რომლებიც არიან იქ განთავსებული, მათი მთელი ძალისხმევა, ისევე როგორც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში ყველას ძალისხმევა მიმართულია, არ მოხდეს პროვოკაცია, არ მიეცეს მსვლელობა რამე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობას და რაც არის მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან მიზანმიმართულად დავშალოთ. ეს არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უზენაესი ამოცანა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23-კაციანი კომისია შეიქმნა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს