“ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა წამყვანი როლი შეასრულოს რეგიონის განვითარებაში”

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ ელექტოენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნეს.

სამიტი ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას ეძღვნება.

სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ხაზგასამელია წარმატებით განხორციელებული „შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი“. შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა მოვამარაგოთ ჯერ თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ქვეყნები განახლებადი ენერგიით. ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ასევე დესწრნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები.

banner
წინა სტატიაშიყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკახეთში, სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს