ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

ჩვენი ამოცანა არ არის რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.

ბოკერიას თქმით, შეხვედრას იმის გამო დათანხმდნენ, რომ ხელისუფლებისთვის არ მიეცათ იმის თქმის საბაბი, რომ ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალა.

„ძაან რბილად რომ ვთქვა, უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც შეიცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და „გერმანულ მოდელზე“, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრაო. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ვართ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში უამრავი პრობლემა არის, რომელიც უნდა დაისვას ხელისუფლების წინაშე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტულ საკითხს დააყენებენ.

„უამრავი საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, დაპირების შესრულება, „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა და აქ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული წინადადება არსებული კონსტიტუციის პირობებში როგორ უნდა მოხდეს სწრაფად.

მეორე, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის საკითხები, რაც იქნება არსებითი ნაბიჯები განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა.

ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ არჩევნებში და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიიდეალური არ არის, მაგრამ გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს მხარს ვუჭერთ
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა