ჩვენ ვინ დაგვიცავს ძალადობისგან მოძალადეთა ხელში?!

ჩვენ ვინ დაგვიცავს ძალადობისგან მოძალადეთა ხელში?!

ჩვენ ვინ დაგვიცავს ძალადობისგან მოძალადეთა ხელში?!ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და სულ იმ იმედით ვცხოვრობ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ამ ლოგიკით მეგონა, საქართველოში წარსულს ჩაბარდა ძალოვანების თარეში, მათი მკვეთრად გამოხატული აგრესია და ძალადობა, მათი სისატიკე და არადამიანური მოპყრობის რეციდივები. თურმე ნუ იკითხავ!!! აგერ, დღისით და მზისით ბედავენ და თავიანთ მსხვერპლად აქცევენ არა თუ ჩვეულებრივ რიგით ადამიანს, არამედ – ადვოკატს. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ცნობამ „პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა“ – შემზარა.

 

ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ქვეყანაში, რომელშიც ადვოკატს სცემენ, რას უზამენ სხვებს?! ან ვისი იმედი უნდა გქონდეს, როცა თავად განყოფილების უფროსი და არა რიგითი ინსპექტორ-გამომძიებელი ჩადის ამ სიმხეცეს?! ვინ რისგან ვართ დაზღვეული და დაცული?! ასე გვინდა ნატო და ევროპა?! ესაა სამართლებრივი ქვეყანა? ესაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა?!
აპრიორულად რატომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ძალოვანი სტუქტურების უხეშობა და აგრესიულობა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა?! რომ ეს აგრესია მათ ეხმარება მიზნის მიღწევაში?! ახლა როგორ მოვიქცეთ, რომელი თეორიით ავხსნათ ამ ტიპის ნაძირალა განყოფილების უფროსების აგრესია? – დადასტურებულად ითვლება, რომ ფიზიკურ აგრესიაზე გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალური ჰორმონი ტესტოსტერონი, სისხლში შაქრის რაოდენობა, გენეტიკური ფაქტორების მნიშვნელობა… თუ ფროიდის ფსიქოანალიზური ან ლორენცის, თუნდაც მაკდაუგოლის ფსიქოლოგიური თეორია მოვიშველიოთ და ავხსნათ ძალაუფლებით აღვირახსნილთა სოციალური ქცევა? რა ნუგეშია ჩვენთვის ერთი ასეთი ვიგინდარის დასჯა, თუ არ იქნა მკაცრად რეგლამენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა ამ ტიპის ძალადობის აღსაკვეთად?!
ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყოველთვის ვნატრობდი ისეთ მინისტრს, რომელიც საჯაროდ და მკაცრად იტყოდა, გააფრთხილებდა ყველა ძალოვანს: ვინც გაბედავს და ხელყოფს მეორე ადამიანის ულებასა და თავისუფლებას, სამუდამოდ დაემშვიდობება და დატოვებს ძალოვან სტურქტურებს! არც პრეზიდენტებსა და პრემიერებს შეუწუხებიათ ოდესმე თავი მსგავსი განცხადებებით.
ჰოდა, ახლა მაინც გეყოთ ძალა და კეთილგონიერება, გადადგით ნაბიჯი, გამოდით და მკაცრად დაგმეთ ამ ტიპის ძალადობა თქვენსავე სისტემაში და განაცხადეთ: ვინც ერთხელ მაინც გაბედავს ცემას, წამებას, მუქარას, ძალადობას… ის ვეღარასოდეს შეძლებს ჩვენს სისტემაში მუშაობას, თუნდაც უმდაბლეს პოზიციაზე!!!
აღარ დადგა დრო, მიიღოთ გადამწვეტი ზომები და ოდესმე აღკვეთოთ თქვენსავე სისტემაში ყოველგვარი არაადამიანურობის, ანტიჰუმანურობისა და ანტისამართლებრივი ქცევის გამოვლენები, რათა შედარებით მაინც დაცული იყოს საზოგადოება ძალადობისგან?!

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაში“აირზენას” დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა ლაგოდეხში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა