”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაცტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განცხადება გააკეთა რუსთავი 2-ში მიმდინარე მოვლენებზე. მან რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას მოსამართლე ურთმელიძის მიერ ქართული დემოკრატიის გარდაცვალება უწოდა.

„მე მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის განაჩენი, რომელიც გამოუტანა საქართველოს. დღეს მოსამართლე ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და ერთი ხელის მოწერით პრაქტიკულად დამარხა ქართული სასამართლო, ინსტიტუტი, რომელზეც დგას ქვეყნის დემოკრატია.

აქ არ არის საუბარი რუსთავი 2-ის მომავალზე და იმ ხალხის მომავალზე, რომელიც ახლა ჩემ უკან დგას და კიდევ ასეულობით ადამიანი, რომელიც ჩენი ტელევიზიის ეზოშია შეკრებილი, ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან, აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე.

წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში რუსთავი 2, შეიძლება, გაითიშოს. გაითიშოს, მე ვგულისხმობ იმას, რომ დაიცალოს ხალხისაგან და აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით და სულ სხვა კურიერს შეხედავთ თქვენ ყოველ საღამოს 9 საათზე. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ ვინმეს უნდა, შეუძლია უყუროს კურიერს, ოღონდ ეს კურიერი იქნება სრულიად განსხვავებული და არა ისეთი, რომელსაც თქვენ წლების მანძილზე ხართ შეჩვეული.

ამ ხალხმა, რომელიც ახლა აქ დგას და კიდევ იმ ასეულობით ადამიანმა, რომელიც დღეს რუსთავი 2-ში მუშაობს თავის მხრებზე მოიტანა ეს არხი დღემდე, ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ, რომ თქვენთვის ყოველდღიურად ის ინფორმაცია გადაეცათ, რომელიც ყველაზე ობიექტური იყო და რომელსაც ელოდა მაყურებელი. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია:”ღამეული მართლმსაჯულება და სასამართლო გადაწყვეტილებები ძალიან უსიამოვნო მოგონებებს და ცუდ შეგრძნებებს იწვევს”