“ჩვენ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისვთის”

ვარშავის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ძალიან კრიტიკულ პერიოდში გაიმართა, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამიტზე იყო ძალიან მკაფიო გზავნილები.

„ერთის მხრივ, რომ კოლექტიური თავდაცვა არის ნატო-ს უმთავრესი ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც მოქმედებს დღესაც და გაძლიერება მისი აღმოსავლეთ ფლანგისა, სწორედ ამ გზავნილის გაგზავნას ემსახურებოდა. მეორე ეს იყო მნიშვნელოვანი შავი ზღვის კონტექსტში და საქართველო გახდა ამ სტრატეგიული დიალოგის ნაწილი, როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ასეთი აქტიური პრეცენდენტები არსებობს ბალტიის ზღვაზე, სადაც შვედეთი, ფინეთი, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მონაწილეობენ და საქართველო იქნება მონაწილე სწორედ ასეთი სტრატეგიული დიალოგისა შავი ზღვის ქვეყნებში“,- განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი თავდაცვის შესაძლებლობები, ანუ გზავნილი იმისა, რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არ არის შეზღუდული მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და ნატო ზრუნავს მის პარტნიორებზე და ასპირანტებზე.

„თავდაცვისუნარიანობა საქართველოში გაძლიერდა იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გადაწყვეტილებით, რომელიც სწორედ ნატო-ს კონტექსტში იქნა მიღებული. ჰიბრიდული საფრთხეები, როგორც ერთ-ერთი არაკონვენციური, მაგრამ უკვე ძალიან ცხადი პრობლემა, აღიარებულ იქნა და საქართველო, ამ კონტექსტში, როგორც ერთი მხრივ პარტნიორი და მეორე მხრივ, მიმღები ქვეყანა იქნება სწორედ სტატეგიული კომუნიკაციის მომავალი ღონისძიებებისა. რაც შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას, ჩვენ 2008 წელს გვითხრეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ამ გზაზე მას დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა. წელს, ჩვენ გვითხრეს, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და წევრობის სამოქმედო გეგმა სწორედ პრაქტიკული ინსტრუმენტი იყო ყველა სხვა სახელმწიფოსთვის, რათა გახდეს, მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. მაპი პოლიტკური გადაწყვეტილების ნაწილად რჩება, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება რასაკვირველია 29 ქვეყნის მიერ არის მისაღები. ჩვენ ვიყენებთ დღეს არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და მიოემზადოთ ნატო-ს წევრობისვთის“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ საქართველო მალე შეძლებს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას
შემდეგი სტატია“ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში”- მარგველაშვილის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს