ჩვენ ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ვალი თავისი სისხლით გადაიხადეს

ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

“რეალურად ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისუფალი არჩევანი. საქართველოს საზღვრების ურყეობა და მთლიანობა მთელმა კაცობრიობამ და მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარეს. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს ისტორიული უსამართლობის გამართლებას. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. რეალურად საქართველოს საზღვრები მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის უცვლელი”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს არის მცდელობა ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის, რომ გამართლდეს 2008 წლის გადაწყვეტილება ერთიანი სახელმწიფოს დაშლის.

“პასუხად ამ მცდელობის მინდა ვუთხრა, რომ ოკუპაციას არც ერთი ქართველი არ ცნობს. პასუხად ამას მინდა, ვუთხრა, არანაირი ახალი რეალობა ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის. 1921 წელს მთელი საქართველო გადაუფორმეს ქართველმა ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირს, შულავერელები და ორჯონიკიძეები ზეიმობდნენ წითელი დროშის აღმართვას, მაგრმ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი. ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს დევნილ მოსახლეობას, დაბრუნება ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობის არის ჩვენს სიმტკიცესა და ურყეობაში. არაფრის დიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო შეიძლება იყოს რაიმე ფორმით გაყოფილი. საქართველო არის მთლიანი, მტკიცე და ასე მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და სუვერენიტეტს”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ვითარება და გადაუჭრელი კონფლიქტი არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესს არ ემსახურება
შემდეგი სტატია,,ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების, სამხედროების, ჟურნალისტების, ფოტორეპორტიორების გმირობის დღეები და ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი გავიხსენოთ”