“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება აშენებს ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ “გლინიკეს ხიდის” თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება.

“ერთი წლის წინ გაერო-ს წევრებმა მიიღეს მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაისახა 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების 17 მიზანი. 2030 წლის ეს რევოლუციური დღის წესრიგი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: მიუხედავად ათასწლეულის განვითარების მიზნების ფენომენალური გეგმისა, ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, არ აღმოვჩნდით სათანადო სიმაღლეზე მისი განხორციელების კუთხით”,-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ წელს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების მიზნების გარდამქმნელ ძალას.

“ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მომდევნო 15 წელიწადში თუ ჩვიდმეტივე მიზანს არა, მათ უმრავლესობას მაინც მივაღწიოთ. ამის მისაღწევად კი, წარმატებული უნდა ვიყოთ ეროვნულ დონეზე და, ამავე დროს, სხვებსაც დავეხმაროთ თავიანთი ადგილობრივი მიზნების მიღწევაში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უნდა ვიზრუნოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განვითარების ხელშეწყობის გზით და პირიქით. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოიხატოს ეროვნულ დონეზე ეს მიზნები კონკრეტულ მოქმედებაში”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: დაკარგული ჯარისკაცების ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: საქართველოში, ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს