“ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ჩამოვიდა”

ჩვენ ვაფასებთ თქვენ სიმბოლურ, ამავე დროს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჟესტს, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ პირველი ვიზიტით, სწორედ ბრიუსელს ეწვიეთ, – ასე მიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ბრიუსელში ვიზიტის გადაწყვეტილება არის მკაფიო ნიშანი, რომ საქართველოც და ევროკავშირიც რჩებიან პარტნიორობისა და მეგობრობის ერთგულნი.

„ჩვენი ურთიერთობები ძლიერია, ჩვენი პარტნიორობა შესანიშნავია. ასოცირების საბჭოზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების მდგომარეობა. მხოლოდ ხუთი თვე გავიდა, რაც ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა გასული ივლისის შემდეგ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ დიდი უზარმაზარი პროგრესი სხვადასხვა სფეროში, დაწყებული პოლიტიკური, დამთავრებული ეკონომიკური და სავაჭრო ნაწილით, ასევე ჩვენი თანამშრომლობით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში”, – განაცხადა მოგერინიმ.

მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი ერთობლივ ღირებულებებს იზიარებს და პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ჩვენ ორივე მხარს ვუჭერთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და პოლიტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას. ჩვენ განვიხილეთ ასევე მთავრობის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ვისაუბრეთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც იყო კონკურენტული და შევთანხმდით ინკლუზიური პოლიტიკური გარემოზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე, პლურალიზმზე, კანონის უზენაესობის პატივისცემაზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე დაფუძნებული სისტემის უზრუნველყოფის საჭიროებაზე, რის მხარდაჭერასაც ჩვენ გავაგრძელებთ”, – განაცხადა მოგერინიმ.

მისი თქმით, ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პოზიტიური პროგრესი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულრიებისადმი. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ამ საკითხზე. მინდა, დავასრულო ორ საკითხზე საუბრით, რომლებიც ვიცი მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. უპირველეს ყოვლისა, ვიზალიბერალიზაციაზე – მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნო და ამის შესახებ პრეზიდენტმა ტუსკმაც ისაუბრა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა”, – განაცხადა მოგერინიმ.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ის მოუთმენლად ელოდება ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ვიზალიბერალიზაცია რაც შიძლება მალე.

“ახლა ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. მეორე საკითხი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების მხრივ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგებია. ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაში. მჯერა, რომ ეს არის წარმატების კარგი ისტორია ჩვენი ხალხისთვის, როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში. მინდა, მივულოცო ჩვენ თავს ეს თავდაპირველი წარმატება, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და გაუმჯობესდება ჩვენი ხალხისთვის და ბიზნესისთვის”, – განაცხადა მოგერინიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები
შემდეგი სტატიადოლარი 2.5538 ლარი-ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მონაცემები