ჩვენ შევქმენით საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი „ევროპულ საქართველოსთან“ და მიმაჩნია ეს ძალიან სწორ და გამართლებულ ნაბიჯად

“ჩვენ შევქმენით საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი „ევროპულ საქართველოსთან“ და რატომ მიმაჩნია ეს ძალიან სწორ და გამართლებულ ნაბიჯად. ვფიქრობ, ეს ძალიან ადვილი ასახსნელიც არის და მარტივად დასანახიც. საქმე მდგომარეობს შემდეგში, მე ნამდვილად არ მიღალატია ჩემი ღირებულებებისთვის და იმ მიზნისთვის, რასაც ვემსახურებოდი მაშინ, როცა ადვოკატი ვიყავი, რისთვისაც წამოვედი პოლიტიკაში და რისთვისაც და რატომაც დღეს გადავდგით ეს ნაბიჯი. როდესაც მე ადვოკატი ვიყავი და ვიცავდი გირგვლიანების და ენუქიძეების ოჯახის ინტერესს იმ საქმეზე, ვუპირისპირდებოდი სახელმწიფოს უსამართლობას კონკრეტული ადამიანების მიმართ. რა მექანიზმით ხორციელდებოდა ეს უსამართლობა? ხორციელდებოდა ისე, რომ მაშინდელი ხელისუფლება აკონტროლებდა სასამართლოს, პოლიტიკური ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლებას და აქიდან გამომდინარე სასამართლო იმ კონკრეტულ საქმეზე იღებდა გადაწყვეტილებებს არა კანონის შესაბამისად და სამართლის შესაბამისად, არამედ იმ მმართველი პოლიტიკური ძალის ნების და მოთხოვნების შესაბამისად. დღეს მე ვარ პოლიტიკაში და რა ვითარება გვაქვს დღეს, შეიცვალა ამ მხრივ სიტუაცია?! ახლანდელმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლა სასამართლო ხელისუფლება კონტროლისგან? მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პირიქით, ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად მოაქცია საკუთარი კონტროლის ქვეშ და თუ ამის დრო გვექნება და სურვილი გექნებათ, შემიძლია ავხსნა, რა მექანიზმებით. უფრო მეტიც, პერსონალიებსაც ვერ შეელია. სწორედ იმ მოსამართლეებს, რომელთა ხელითაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა უსამართლობას, იმათ საერთოდ ჩააბარა დღეს სასამართლო ხელისუფლება.

დღეს ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, იგივე მიზანია მისაღწევი, უსამართლობა არის დასასრულებელი და სამართალია მოსატანი ჩვენს ქვეყანაში… ახლანდელი ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს, სასამართლო სჩადის უსამართლობას და მეორდება ასეთი კონკრეტული უსამართლო საქმეები. მაგალითად „კაბელების საქმე“, რომლის თითოეული ფურცელი ვიცი და ვიცი, რომ ძალიან დიდი უსამართლობა გაქვს; გვაქვს მაჩალიკაშვილის საქმე და სარალიძის საქმე, ეს პასუხგაუცემელი საქმეები, რაზეც საზოგადოების დიდი აღშფოთებაა უსამართლობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ანუ, ის პრობლემა არ მოიხსნა. დღეს იგივე პრობლემაა გადასაწყვეტი და ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ და მე, ერთი ადამიანი, შალვა შავგულიძე, რომელიც პოლიტიკაში ვარ, შევძლებთ ამის გამოსწორებას?! რა თქმა უნდა, ვერა. რადგან სამართლის სფეროზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში უნდა ეძებო პარტნიორები. ვინ უნდა ნახო პოლიტიკურ პარტნიორებად? უნდა ნახო ისეთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური სუბიექტები, რომლებთანაც გაქვს ღირებულებითი თანხვედრა უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებებში. ასეთი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება ჩვენთვის არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია,”-აცხადებს “ქრონიკასთან“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძე.

banner
წინა სტატიაში“თუ ანაკლიის პროექტი ახლა არ განვახორციელეთ, გადაიდება ან საერთოდ არ განხორციელდება”
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის „ზაბროშკიდან“ სანდრას „საქართველომდე“