ჩვენ რომ „ენმ-ს“ ვებრძოდით, ტყვიების ზუზუნში ვიდექით, კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა – ბესელია

ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა,“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ წევრი, ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს.

ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიმართვა პლენარულ სხდომაზე შესვენების დაწყებამდე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, როდესაც თქვა, რომ ლევან გოგიჩაიშვილს და მისი თანამოაზრეებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსი აქვთ.

ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძეს მორალური უფლება არ აქვს, რომ ამ ტონით ესაუბროს მას და მის თანამოაზრეებს და დაანონსა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ტრიბუნიდან უფრო მწვავედ აკრიტიკებს.

„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვებს ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით, გადავრჩებოდით თუ არა. აი, გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ იმ პასუხს, რასაც ის მიიღებს და ის როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც,“ – ამბობს ბესელია.

დეპუტატი ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

„ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ რომ ბოროტებას ჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით… გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არ აქვს მორალური უფლება კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას ტრიბუნიდან შევახსენებ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს
შემდეგი სტატიაოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება