ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას, უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რათა ნებისმიერი საფრთხე ავაცილოთ ჩვენს საზოგადოებას – მიქანაძე

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას, უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რათა ნებისმიერი საფრთხე ავაცილოთ ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უნდა დაელოდონ გამოძიებას, რომელიც სუს-ის მიერ არის დაწყებული.

„საზოგადოებისთვის ცნობილია 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გაკეთებული განცხადება. მათ შორის, სუს-მა გააჟღერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციად, რომ დაგეგმილი არის ე.წ. კარვების ქალაქის ინსტალაცია, რაც იძლევა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოხდება ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა. ეს ყველაფერი საგანგაშოა. უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული კადრებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რის გადაფარვასაც ოპოზიცია ცდილობდა, არის არა მოგონილი, არამედ რეალური სცენარი, რევოლუციური სცენარით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.

უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ასეთი საგანგაშო ინფორმაცია როცა არის გავრცელებული, გამოვლინდა კონკრეტული მტკიცებულებები, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილმა ადამიანებმა განახორციელეს ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის გადამზადება საკითხებზე, რომლებიც რევოლუციური სცენარის განვითარებასთანაა დაკავშირებული, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას. უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რათა პრევენციულად ვიმოქმედოთ და ნებისმიერი საფრთხე ავაცილოთ ჩვენს საზოგადოებას.

სუს-მა, განცხადებასთან ერთად, გაავრცელა კადრები, რომლითაც მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რა სურთ და რა მიზნები ამოძრავებთ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების მსვლელობას. სუს-მა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბრალეულობა გამოიხატება რაღაც ფორმით, შესაბამისი ზომები გატარდება. ვნახეთ, რომ 18 სექტემბერს იყო პირველი განცხადება, 2 ოქტომბერს უკვე კონკრეტული ფაქტები გამოაშკარავდა. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესებს, რომლებიც ამ გამოძიებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს – ვოლსკი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ, ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო – ბოკერია