“ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა პროცესები კანონიერ ჩარჩოში ჩადგეს”

თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ განაცხადა, რომ ის “აუდიტორია 115”-ის წევრებსაც შეხვდება.

მისი თქმით, უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა სიტუაცია დამშვიდდეს.

“ჩვენ შევხვდებით მეორე ჯგუფსაც. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა პროცესები დაწყნარდეს, დამშვიდდეს და კანონის ჩარჩოში ჩადგეს”,-აღნიშნა თვალთვაძე.

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის ბრალდებებს, თითქოს “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა კანონდარღვევები ჩაიდინეს, თვათვაძემ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მას დამატებით კონსულტაციები და შეხვედრები სჭირდება.

ამ დროისათვის თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვახო კვირიკაშვილის განცხადებით, “აუდიტორია 115”-ის მიერ ჩადენილ ქმედებებს შორის არის, წარმომადგენლობითი ორგანოს(აკადემიური საბჭოს) საქმიანობის შეზღუდვა და ხელის შეშლა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში შეჭრა და მისი ქონების დაზიანება; სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, ასევე პიროვნებების დიკრედიტაცია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ელ-ფალუჯაში “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური გაანადგურა
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთი მზად არის თურქეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს