ჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებინა ქვეყნიდან

„საქართველოში არ არის ხელისუფლება, საქართველოში არის ერთი რუსი ოლიგარქი ისე, რომ პასუხისმგებლობა არა აქვს,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არჩევანის პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, დღეს საქართველოში ყველა ცვლილება ერთი კაცის ინტერესებზეა მორგებული.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2012 წელს მას ჰქონდა რესურსი, რომ ხელისუფლება სხვა პარტიისთვის დემოკრატიული გზით არ გადასულიყო.

„ჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებინა ქვეყნიდან, რა გზასაც მან მიმართა ჩემ მიმართ. ან დაგვეპატიმრებინა, მასთან მიმართებაში 100-ჯერ მეტი საფუძველი არსებობდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნიდან გასახლების საფუძველი არსებობდა, რადგან მას რუსეთი აფინანსებდა.

„ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა იცოდა და გააკეთა ინფორმირებული არჩევანი. მე ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 2007 წელს რუსეთს ჰქონდა გადატრიალების მცდელობა და მისმა ხელისუფლებამ ეს მცდელობა ჩაშალა. 

„მაშინ არჩევნები კი არ გაყალბდა, არჩევნები დიდი გაჭირვებით, ძლივს მოვიგეთ. რა გაყალბდა, “გრეჩიხამ” მოგვიგო მაშინ თუ პატარკაციშვილმა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, 2012 წელს მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილის განეიტრალება შეეძლოთ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი რუსეთისგან იღებდა დაფინანსებას და რუსული პროპაგანდის მანქანები მასზე მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნებს რუსეთის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: როგორ გგონიათ ხალხს მოვატყუებდი, ან ერთი და იგივე სკამში ჩავხტებოდი?!
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე არ ვაპირებდი პრემიერმინისტრობას!