კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს შანსი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ევროპაში გავიტანოთ

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს შანსი გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა და ელექტროენერგია თურქეთის გავლით, ევროპულ ქვეყნებში გაიტანოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ბიოგრაფიული ენციკლოპედიის „საქართველოს ენერგეტიკოსების“ მეორე გამოცემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ის ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული.

„ენერგეტიკა რომ ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა, მისი განვითარების ხერხემალია, ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით. ენერგეტიკის სფეროში დღეს მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული და სამომავლოდ, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ და საქართველო, ენერგეტიკის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ქვეყანა გავხადოთ. ჩვენ გვაქვს შანსი, ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა და მოვახერხოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპაში“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძემ პრეზენტაციაზე მყოფ ენერგეტიკოსებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სანამ ის ენერგეტიკის მინისტრი იქნება, მათ უფლებებს დაიცავს.

რაც შეეხება გამოცემის პრეზენტაციას, ბიოგრაფიული ენციკლოპედია წელს მეორედ გამოიცა და მასში 800-მდე გამოჩენილი მეცნიერის, სპეციალისტის, პრაქტიკოსი ინჟინერისა და ხელმძღვანელი პირების ბიოგრაფიული მონაცემებია შესული, რომლებსაც მნიშნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ენციკლოპედია პირველად 2010 წელს გამოიცა და მასში 600-მდე ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები იყო შესული.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: ჩვენ, ზოგადად, “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებზე შევჯერდებით”