,,ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი, რომ დიასპორა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარებაში”

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მეორე დიასპორული, პროფესიული ფორუმი მიმდინარეობს.

გაუზიარე გამოცდილება საქართველოს, – ამ სახელწოდების ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობისთვის მისაღწევად განვლილ რთულ გზაზე ისაუბრა.

„გავიარეთ ურთულესი გზა განვითარების, წარმატებების, დაპირისპირების, განვიცადეთ არა ერთი მარცხი და გამოვიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ერთმა გამოიტანა ამ 25 წლის განმავლობაში, ეს არის ერთიანობის აუცილებლობა. ჩვენ პატარა ერი ვართ და არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი. არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად. ამისათვის ყველა თქვენგანის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, აჩვენონ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

„დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორა იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისათვის.

“ასევე ჩვენ დღეს გავხსენით არაერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა ბიზნესი წამოიწყონ საქართველოში. არაერთი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომელიც იქმნება ქვეყანაში და ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, გამოიყენონ მაქსიმალურად იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს აქვს უცხოეთში, შეცვალონ უკეთესობისაკენ,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე უცხოეთში ქართული კულტურის კერების შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიმიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში – პრეზიდენტი ქართულ დიასპორას მიმართავს
შემდეგი სტატიაგამარჯობა რობი – სიურპრიზი რობი უილიამსის გულშემატკივრებს