ჩვენ გაოცებული ვართ, რამ შეუცვალა გონება- მეუფე სპირიდონი ყოფილ ბენეფიციარზე

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის, 18 წლის ლუკა ხაჩიძის განცხადებას გამოეხმაურა. სასულიერო პირმა ის სიცრუეში დაადანაშაულა.

მეუფე სპირიდონი ბიჭის “გონების, ცნობიერების შეცვლაში” არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას ადანაშაულებს.

“ჩვენ გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ესე გონება, რომ ესე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. საოცარია, გაოცებულები ვართ ჩვენ და ძალიან შეწუხებულები, რა შეეძლო მეტი ეკლესიას გაეკეთებინა?!

ჩვენ ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა ამ არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას, მათ ცნობიერებას რაღაც ფორმატირებას უკეთებენ. ფაქტიურად რა გამოდის ახლა, ყველაფერი მიიღო ბავშვმა, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა და ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა”, – თქვა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონმა გაიხსენა გამონათქვამი “დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას” და თქვა, რომ როგორც ჩანს ისინი ასეთი თაობების შექმნას აპირებენ რაც ძალიან საშიშია.

18 წლის ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში გაიზარდა, ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაგდეს. მისი თქმით, ამის მიზეზი ჩვენებაში ნინოწმინდაში არსებული იმ ძალადობის შესახებ დეტალურად ინფორმაციის მოყოლა გახდა.

banner
წინა სტატიაში“ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას”
შემდეგი სტატიალიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა