“ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე“

“საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს,“-ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნჰენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა ევროპელ პარტინიორებს მოუწოდა სათანადოდ დაუფასონ საქართველოს უკვე გატარებული დემოკრატიული რეფორმები, იმისთვის, რომ ანტიევროპულმა ძალებმა, განსაკუთრებით კი წინასაარჩევოდ ევროპის პასიურობით არ ისარგებლონ.

„ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და ამ მხრივ გვაქვს სერიოზული ამბიციებიც, კერძოდ :პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე. საქართველო ძალიან თანმიმდევრულია, მიუხედავად იმ გამოწვევებისა რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა; ასევე გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის სისტემურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე იმედით ვუყურებთ ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის შემდგომ განმტკიცებას, ვახდენთ ჩვენი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, რითაც დავაკავშირებთ ევროპასა და აზიას, ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს, ირანის ჩათვლით, რომელსაც გაუჩნდა მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართველიშვილის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს