“ჩვენ ევროკავშირის გახლეჩვას არ ვაპირებთ” – რატომ ჩაფრინდა პუტინი ავსტრიაში

“ჩვენი მიზანი არ არის ევროკავშირში ვინმე ან რამე გავხლიჩოთ. ჩვენ, პირიქით, დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ ევროკავშირი ერთიანი და წარმატებული იყოს, იმიტომ, რომ ევროკავშირი ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში, რომელიც ვენაში ვიზიტისას მისცა.
ევროპული ვიზიტისთვის რატომ აირჩია რუსეთის ლიდერმა მაინცდამაინც ვენა?

ექსპერტები თვლიან, რომ ამის მიზეზი ავსტრიის ხელმძღვანელების პოზიციებია რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათ შორის, ვენის უარი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებაზე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა და მთელმა რიგმა ქვეყნებმა სერგეი და იულია სკრიპალების ბრიტანეთში მოწამვლის გამო გააკეთეს.
რუსეთში იმედოვნებენ, რომ ავსტრიის ვიზიტი პუტინს დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობა დაალაგოს, რომლებმაც, აშშ-სთან ერთად მას სანქციები დაუწესეს.

ORF-ის წამყვანის არმინა ვოლფის ძირითადი შეკითხვები იმაზე იყო, თუ რატომ ამყარებს რუსეთი მჭიდრო კავშირებს ევროპულ ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურ პარტიებთან, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან. კერძოდ, როგორც ვოლფმა აღნიშნა, 2016 წელს პარტია “Единая Россия”-მ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დადო ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფალ პარტიასთან. “ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა პარტია Единая Россия-დან ნაციონალისტურ პარტიებზე გადის, რადგანაც მათ ევროკავშირის დაშლა სურთ” – ჟურნალისტმა უთხრა პუტნს. რუსეთის პრეზდენტმა უპასუხა, რომ უკეთესია ამაზე პრემიერ დიმიტრი მედვედევს კითხონ, რადგანაც ის არის “Единая Россия”-ს ლიდერი, თვითონ კი პარტიული საქმეებით არ არის დაკავებული. “მე Единая Россия-ს ერთ-ერთი შემქმნელი ვიყავი, მაგრამ ახლა, რადგანაც რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი ვარ, პარტიული არ ვარ” – თქვა პუტინმა. “ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც სახალხოდ აცხადებს ჩვენთან თანამშრომლობის მზაობაზე. მხოლოდ ამაში ეძებეთ მიზეზები პოლიტიკურ თუ პარტიულ დონეზე, და არა სურვილში ვიღაცას ხელი შევუშალოთ ევროკავშირში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი, არ გვქონდა და არ გვექნება” – განაცხადა რუსეთის ხელმძღვანელმა.

დასაველთის ლიდერები უკვე დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მოსკოვი აქტიურად ამყარებს კავშირებს ევროპის მარგინალურ პარტიებთან, რომლებიც სკეპტიკურად არიან ევროკავშირისადმი დამოკიდებული და ევროპაში სეპარატისტულ მოძრაობებს უჭერენ მხარს.

უკანასკნელი პერიოდი, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, რუსეთის ლიდერი იშვიათად მიდიოდა ევროპაში. ბოლოს ის გასულ წელს იყო ფინეთში.

5 ივნისს ავსტრიის ლიდერთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან, კანცლერთან სებასტიან კურცთან და ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავსტრია დაინტერესებულია სანქციების მოხსნით. “ასე მგონია, რომ სანქციების მოხსნაში დაინტერესებულია ყველა, ჩვენც… ახლა მიზეზებზე არ ვილაპარაკებ, ის ყველამ იცის, მაგრამ ყველაფერი, რაც ამ სფეროში ხდება, ხელს არ გვიშლის ავსტრიასთან ურთიერთობა გავაღრმავოთ” – პუტინმა თქვა.

ივლისში ავსტრია ევროკავშირს უხელმძღვანელებს და აცხადებს, რომ მისი სურვილია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლი ითამაშოს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშისირია გაეროსგან მოითხოვს აშშ-ს კოალიციის სამხედრო დანაშაულებები შეაჩეროს
შემდეგი სტატიამეტროსადგურები მუშაობას დღეს 14:00 საათიდან განაახლებენ