ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ამ აგრესიას და ვდგავართ ჩვენი YEPP-ის პარტნიორების გვერდით საქართველოში

დღეს Young Fine Gael International-მა მკაცრად დაგმო საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერზე, იგორ ნარმანიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმა. ნარმანიას თავს დაესხნენ და სერიოზული დაზიანება მიაყენეს თავის არეში. თავდასხმა, რომელიც საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდა, წარმოადგენს შოკისმომგვრელ მაგალითს პოლიტიკური ძალადობისა, რომელსაც არ აქვს ადგილი თანამედროვე ევროპულ დემოკრატიაში. “YFG” სრულ სოლიდარობას უცხადებს ბატონ ნარმანიას, ენმ-სა და ყველა პროევროპულ დემოკრატიულ ძალას საქართველოში.

“იგორ ნარმანიაზე, ოპოზიციონერ ახალგაზრდა ლიდერზე განხორციელებული ამ ბოროტი და ლაჩრული თავდასხმის ამბავი ღრმად შემაშფოთებელია. ეს თვალსაჩინო პოლიტიკური ძალადობა გამოიძიებულ უნდა იქნას სრულად, ხოლო დამნაშავეები დაუყოვნებლივ წარედგინონ მართლმსაჯულების წინაშე. მსგავსი თავდასხმები მიზნად ისახავს დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას. ასეთი ძალადობა პირდაპირი თავდასხმაა შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რაც ევროპული ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ამ აგრესიას და ვდგავართ ჩვენი YEPP-ის პარტნიორების გვერდით საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ უზრუნველყოს ოპოზიციის ყველა წევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების უსაფრთხოება, ამ კრიტიკულ საარჩევნო პერიოდში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ პარტნიორს, დაგმონ ეს შემზარავი ძალადობა. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ყველა იმ ქართველი ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის.” – წერია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს