ჩვენ და მოლდოვა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების, ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის ჯარები, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ – პაპუაშვილი

ჩვენ და მოლდოვა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების, ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის ჯარები, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების სათანადო ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ერიდებოდა და ერიდება, იყოს კრიტიკული უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინაში ომი დასრულდეს, თუმცა ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია უწევს.

„როდესაც მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან არის პირდაპირ მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავატარებთ, ვინაიდან ეს არის მთავარი რისკი, არა მარტო ჩვენი, არამედ მოლდოვის. ჩვენ და მოლდოვა ფაქტობრივად, ვართ ერთნაირ მდგომარეობაში. ჩვენ ვართ ორი უნიკალური ქვეყანა, რომლებსაც უსაფრთხოების კუთხით არ აქვთ ნატო-ს ქოლგა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციების, თუ პოლიტიკური განცხადების კუთხით არიან ჩართული სოლიდარობის გამოხატვაში უკრაინის მიმართ. ჩვენ, ორი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ ისე, რომ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა; ისე, რომ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის, თუ უსაფრთხოების და თანადგომის ქოლგა; ისე, რომ ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარები ოკუპაციის სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და მხარს ვუჭერთ მას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ოცნებამ“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიასაზოგადოების ერთიანობის ინტერესიდან გამომდინარე, სააკაშვილის შეწყალებას არ ვაპირებ… – ზურაბიშვილი