,,ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-სააკაშვილი ,,ვარდების რევოლუციის” 12–ე წელზე

news
ავტ.: news ნოემბერი 23, 2015 13:47

,,ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-სააკაშვილი ,,ვარდების რევოლუციის” 12–ე წელზე

2003 წლის 23 ნოემბერს გაიმარჯვა ვარდების რევოლუციამ. ნამდვილი რევოლუციური ცვლილებების დასაბამი კი 2004 წლის დასაწყისი გახდა. საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან გადაიქცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი გარდაქმნის ყველაზე წარმატებულ მაგალითად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო იქცა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით გადაინაცვლა მსოფლიოში 127-ე ადგილიდან, მე-8 ადგილზე, (ამ რეიტინგში დღეს უკრაინა 82-ე ადგილზეა), საგადასახადო წნეხის სიმსუბუქით საქართველო იყო მეოთხე ადგილზე, (უკრაინა 137-ზეა). თუ 2003 წელს ქართველების 80% გამოკითხვებში ამბობდა, რომ შეხება ჰქონდა კორუფციასთან, 2012 წელს ეს მონაცემები 2%-ზე ქვემოთ ჩამოვარდა, ამ წლებში საქართველოს ბიუჯეტი ათჯერ გაიზარდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 50%-დან 20%-მდე შემცირდა, ასევე სამჯერ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა. საქართველომ მიიღო ახალი დროშა, ჰიმნი და ახალი საპარლამენტო დედაქალაქი. ქვეყანაში აშენდა პრაქტიკულად ახალი ქალაქები, შეიქმნა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ასი ათასიდან ექვს მილიონამდე. შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიცია, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საბაჟო, ძირფესვიანად შეიცვალა განათლების სისტემა. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, სწრაფი განვითარება მოხდა არა მხოლოდ 2008 წლამდე, არამედ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ (საგადასახადო-საბაჟო რეფორმა, იუსტიციის სახლები, დიდი ინფრასტრუტურული პროექტები, ინგლისური ენის სწავლებისა და კომპიუტერიზაციის პროგრამები).

აი ეს არის რამდენიმე მონაცემი საქართველოს მიერ უახლეს ისტორიაში მიღწეული ყველაზე სწრაფი პროგრესისა. ამასთან, ეს ყველაფერი ხდებოდა მუდმივი საგარეო აგრესიის, პროვოკაციებისა და გაშავების მუდმივი მცდელობის ფონზე. საქართველომ პირველად თავის თავზე მთელი სისასტიკით გამოცადა ჰიბრიდული ომი – აი ასეთია ფაქტები, დანარჩენი არის ლირიკა და ერთი ავადმყოფი რუსი მილიარდერის ახირებების და რუსული პროპაგანდის შტამპების გავლენის ქვეშ მოყოლის სამწუხარო შედეგები. ამ შედეგების ბრალია, რომ პატარა საქართველო, რომელიც 2012 წლამდე მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე და ანგარიშგასაწევი მსოფლიო ფაქტორი იყო, პრაქტიკულად გაქრა საერთაშორისო რადარებიდან. ეს მნიშვნელოვან გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის.

გილოცავთ გიორგობასა და ვარდების რევოლუციის წლისთავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მიხეილ სააკაშვილი

news
ავტ.: news ნოემბერი 23, 2015 13:47