ჩვენ არ ვმარცხდებით!ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის

ჩვენ არ ვმარცხდებით! ლელოს და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ!
ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა „ლელოს“ არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე სწორედ „ლელო“ იყო, იმიტომ რომ, მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს „ლელოსი“ ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია, იმიტომ რომ, ლელო ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ის, რაც შეძლო „ლელომ“, ამ ერთი წლის განმავლობაში, იყო უპრეცედენტო; ჩვენ ერთად, დიახ, თქვენთან ერთად, უმოკლეს დროში შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდა.

ლელოელებმა, საქართველოს ათასობით გულანთებულმა მოქალაქემ, შევქმენით უკონკურენტო გუნდი, დაკომპლექტებული ახალი თაობის პოლიტიკოსებით, რომლებმაც საკუთარი ძალებით და დაუზოგავი შრომით მიაღწიეს წარმატებას თავის პროფესიებში; შემდეგ კი ეს ენერგია, გამოცდილება და ცოდნა სამშობლოს სამსახურში მიმართეს. ჩვენ ერთად მოვახდინეთ ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა.
ერთ წელიწადში ლელომ თქვენთან ერთად შეძლო სრულყოფილი პარტიული სტრუქტურის მოწყობა, სტრუქტურისა, რომელსაც პარტიები ათწლეულები აშენებენ. დღეს, ლელოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 რეგიონული ორგანიზაცია აქვს, ლელო არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში – ლელო თქვენს გვერდითაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით.

ლელოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად შექმნეს „მარშალის გეგმა – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა“ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების გზამკვლევი. ახალმა „მარშალის გეგმამ“ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც უმნისვნელოვანესი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, როგორც ყველაზე სრულყოფილმა და ძლიერმა პარტიის პროგრამულმა დოკუმენტმა.

ჩვენ – ლელო ვართ ძალა, რომელმაც ვიცით საქმის კეთება! გვიყვარს სამშობლო და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! ეს ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულდება სანამ საქაართველოში არ გაიმარჯვებს დემოკრატია! დღეს ეს ბრძოლის ხაზი თქვენს, ჩემს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმების დაცვაზე გადის. დღეს ერთი ხმა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალია. ჩვენ თუ ამ ბრძოლას დავთმობთ, ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ჩვენ თუ დავნებდებით, დამარცხდებიან ჩვენი შვილები. მე 5 შვილი მყავს და მე არ მაქვს უფლება ფარ-ხმალი დავყარო, არცერთ ჩვენგანს არ აქვს ახლა უკან დახევის უფლება, რადგან ეს ქვეყანა და მისი მომავალი სწორედ რომ თქვენია….

ჩვენ არ ვმარცხდებით!
ლელო და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი! – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტი თოჯინად სჭირდება და მასზე გაწეული ნებისმიერი ხარჯი გაუმართლებელია, რადგან ის საქართველოს არაფერს სძენს