ჩვენ არ გვჭირდება „გაზპრომი“, არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან

ჩვენ არ გვჭირდება „გაზპრომი“, არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან. კალაძე ატყუებდა ხალხს, რომ თუ რუსეთიდან გაზი არ შემოვა, გავიყინებითო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს „გაზპრომთან“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მისივე თქმით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებისას არ უნდა იყოს არანაირი კონფიდენციალობა.

„დაახლოებით თვენახევარია, ფაქტობრივად უკანონოდ მიეწოდება რუსეთიდან სომხეთს გაზი. თქვენ ამბობთ, რომ ხელშეკრულების გაუმჯობესებას ცდილობთ, მაგრამ სანამ ხელშეკრულება არ გაუმჯობესდება და შეიძლება ხელი კიდევ ერთი წლის განმავლობაში არ მოაწეროთ, თურმე გაზის მიწოდება მოხდება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. სად წერია ეს?! ძველ ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენ აქ განვიხილეთ, შავით იყო გადაღებილი ტარიფების შესახებ ინფორმაცია. დანარჩენი ინფორმაცია ჩვენთვის ნათელი იყო. არავითარი ავტომატური გაგრძელება არ ხდებოდა. მაშინ გადაიხადოს „გაზპრომმა“ არა შარშანდელი ხელშეკრულების, არამედ ორი წლის წინანდელი ხელშეკრულების ფასი, როცა 10%-ს ვიღებდით გატარებული გაზისა. თქვენ ახალ ხელშეკრულებას აფორმებთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონფიდენციალური. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მილსადენის მესაკუთრე, ჩვენზეა რუსეთი დამოკიდებული, ჩვენ არ გვჭირდება „გაზპრომი“, არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან. კალაძე ატყუებდა ხალხს, რომ თუ რუსეთიდან გაზი არ შემოვა, გავიყინებითო. აზერბიჯანიდან ორი წყაროდან შემოდის. არავითარი კონფიდენციალობა. კონფიდენციალობა ნიშნავს ამ ხელშეკრულების მავნებლობაზე, კორუფციულ ინტერესებზე ხელის დაფარებას. ვიცით ხელშეკრულების შინაარსი, არ იმალება არაფერი. 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვრჩებოდა ყოველწლიურად ჩვენ რუსეთიდან, 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოს და ახლო მდებარე რეგიონებისთვის ღირს 40 მილიონი დოლარი. 40 მილიონი დოლარი გვქონდა წინა ხელშეკრულებით საჩუქრად. ახალი ხელშეკრულებით კი ტრანზიტის საფასურად გვაძლევენ 11 მილიონ დოლარს. დაადასტურეთ თქვენ, 11 მილიონი დოლარი არის თუ არა ის ფასი, რასაც რუსეთი ჩვენ გვიხდის? ჩვენ წავაგეთ 30 მილიონი დოლარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ცნობით, „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტზე ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია – ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას