ჩვენ არ გავყვებით „ქართული ოცნების“ გეგმას, რომელიც დროის გაწელვის გეგმა და სიცრუის გზაზე დადგომაა – გოცირიძე

ჩვენ არ გავყვებით „ქართული ოცნების“ გეგმას, რომელიც დროის გაწელვის გეგმა და სიცრუის გზაზე დადგომაა, რაც შედეგამდე არ მიგვიყვანს, – ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის პოზიცია ევროკავშირის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების იმ გეგმაზე, რომელიც პარტიებს „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებისადმი უნდობლობის მრავალი საფუძველი არსებობს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ოპოზიცია მმართველ გუნდსა და საზოგადოებას საკუთარ გეგმას შესთავაზებს, რომელიც რეალურია და რომლის საკითხთა ნაწილის სწრაფად შესრულებას წინ არაფერი უდგას, გარდა „ქართული ოცნებისა“. ამის მაგალითად გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას ასახელებს.

„ხელისუფლების გეგმა არასერიოზულია, რომელიც ასე ჟღერს: ჯერ დეპოლარიზაცია და შემდეგ დანარჩენი… დეპოლარიზაციის წყარო სწორედაც რომ დანარჩენი მუხლების არსებობაა – სწორედ ეს იწვევს ქვეყანაში განხეთქილებას.

„ჯერ ფული, მერე სკამები!“ 12 სკამის შესახებ ფილმი თუ წიგნი ვისაც ახსოვს, ასეა ეს. „დილით ფული, საღამოს სკამები“. გვაჩვენონ ერთი სკამი მაინც – ერთი რეკომენდაცია მაინც შეასრულონ, პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მიიღონ… იქნებ ბლეფობენ თუ სურვილი არა აქვთ?!

აღნიშნული საკითხები ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია, რომელსაც „ოცნებას“ ვერ ვანდობთ“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება
შემდეგი სტატიაე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება