ლონდონის მიერ 4 რუსული ენერგოგიგტანტის დასანქცირების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში იზრდება შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო რისკების ზონაში აქცევს.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ საქართველოში გახსნილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთლიანად რუსული კაპიტალით არის შექმნილი და მისი ფუნქციონირება სწორედ იმ სცენარისთვის მზადდებოდა, როდესაც რუსეთს ნავთობის რეალიზაცია გაუჭირდებოდა. მისი შეფასებით, საქართველო პრაქტიკულად გადაიქცა სატრანზიტო და სასაწყობე სივრცედ, რომლის მეშვეობითაც რუსული ნედლეული და სხვა პროდუქცია სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება, მათ შორის ევროპისკენ.
“ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არის ქვეყნისთვის უსაფრთხოების პრობლემა, ასევე არის ქვეყნის რეპუტაცია და საბოლოო ჯამში, ის ტერმინალი, რომელიც გაიხსნა, თავიდან ბოლომდე რუსული ფულით არის გაკეთებული და შესაძლოა, ზუსტად, მისი გაკეთებაც ამას ემსახურებოდა, რომ ასეთ დროს, როდესაც რუსეთს უჭირს ნავთობის რეალიზაცია, საქართველო ყოფილიყო დამხმარე რგოლი ამ ჯაჭვში. საქართველოს ტერიტორია, ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლებამ აქცია სასაწყობე მეურნეობად. აქ არა მარტო ნავთობი, არამედ ავტომობილები, სხვადასხვა პროდუქტები საქართველოდან მიეწოდება რუსეთს, ან საქართველოდან გადის ევროპაში სახეშეცვლილი”, – ამბობს ბესიკ დონაძე.
ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა – დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.
რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.













