ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც მანამდე არსებობდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკაშირებით, არანაირი შენიშვნა და წუხილი არ გამოუხატავთ.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, დელეგაციის წევრებისთვის არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით, თუმცა შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ, დელეგაციის წევრებს ზუსტი განმარტებები მიაწოდეს.

„ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც მანამდე არსებობდა“, – განმარტა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალური განხილვა მოხდა იმ პროექტის, რომელიც ამ ეტაპზე შემუშავებულია საკონსტიტუციო კომისიის მიერ.

“რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ, ალბათ, გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის სამიგრაციო აკრძალვა გაურკვეველი დროით დაიბლოკა
შემდეგი სტატიაივანკა ტრამპი თეთრ სახლში მრჩევლად დაინიშნა