ჩუგოშვილი- უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივარ

პარლამენტის ყოფილ ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა, ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია.

მთავარი არხის დამაზუსტებელ შეკითხვას, ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრის სურვილი, ჩუგოშვილი პირდაპირ და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მას არ შეხვედრია.

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი ამბობს, რომ შედეგები, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნამ გამოიწვია მმართველი გუნდისთვის მარტივი არ იქნება და ამან უკვე გამოიწვია იმედგაცრუება დასავლელ პარტნიორებში.

“მათ მოლოდინი ჰქონდათ და სრულად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ცვლილება ძალაში შევიდოდა და პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში სხვანაირი იქნებოდა,”- ამბობს ჩუგოშვილი.

დეპუტატის თქმით, მმართველი ძალისთვის ამ ყველაფრის გადალახვა მარტივი არ იქნება, თუმცა საქართველოს მიმართ დასავლეთი კარს არც დაკეტავს და არც უნდა დაკეტოს.

“ნდობის აღდგენა, გაჩენა იქნება ძალიან ძნელი, ეს მარტივად არ გამოვა,” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მთავარ არხთან საუბარში ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უმრავლესობის ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ის ესწრებოდა, ნათქვამი იყო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა გასულიყო, თუმცა სულ სხვა შედეგი მიიღეს.

“ამის უკან რა იყო, რა პროცესები იყო, ეს ჩავარდა თუ ჩააგდეს, თუ ა.შ. ეს მე არ მაინტერესებს, არ აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა, მე შედეგმა გადამაწყვეტინა თანამდებობისა და გუნდის დატოვება,”- ამბობს ყოფილი ვიცესპიკერი.

ჩუგოშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ძალიან დიდი მოლოდინები გააჩინა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შემდეგ ამ მოლოდინებს ვერ უპასუხა. მისი თქმით, როდესაც გუნდი შედეგზე იღებს პასუხისმგებლობას და ეს შედეგი ვერ დგება, შემდეგ აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს ტექნიკურად ვერ შესრულდა, პოლიტიკურად, თუ გამიზნულად.

“პირობა დავდეთ, პირობა ვერ შესრულდა,”- ამბობს ჩუგოშვილი

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატ პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბიზნეს ასოციაცია – ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები გადასახედია