ისე მომმართავთ, თითქოს რაღაც დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ და ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ შეიძლება თანაბარი მოპყრობა გამოიჩინეთ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლე მერაბ ტურავას სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და მოსამართლეს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორის, ირაკლი კობახიძის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მაია კოპალეიშვილს არ ეძლეოდა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, არის თუ არა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველყოფა საგარეო პოლიტიკის განხორციელების აქტი, რაზეც თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „პოლიტიკის განმახორციელებელი, რა თქმა უნდა, არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ამდენი ხანია ვდავობთ იმაზე, ამ განხორციელებაში რა შედის და ამის გარდა, 78-ე მუხლის მიერ და პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე საგარეო ურთიერთობებში მას რა როლის შესრულება შეუძლია“.
კობახიძის კითხვაზე პასუხის გაცემა მაია კოპალეიშვილსაც სურდა, თუმცა მოსამართლემ მასე ასე მიმართა: „ქალბატონმა თამარმა კითხვას თუ უპასუხა, არ გვინდა ეს ორმაგი პასუხები“.
კოპალეიშვილმა მოსამართლის პასუხად აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ორი წარმომადგენელი ჰყავს და ორივე თანაბრად არის უფლებამოსილი, რომ ერთ კითხვაზე უპასუხოს.
„სადმე გვეჩქარება? ვერ ვხვდები. მე მინდა, რომ კითხვაზე პასუხი განვავრცო. ვერ შემზღუდავთ,“ – განაცხადა კოპალეიშვილმა.
ამის შემდეგ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენელს უთხრა, რომ თუკი რაიმე ახლის თქმას აპირებდა, საუბრის საშუალებას მისცემდა.
„თუ ახალს იტყვით რამეს, გისმენთ. თუ იგივე გაიმეორებთ, არ გვინდა ორჯერ იმავეს გამეორება. ქალბატონო თამარ, მე მგონია, რომ თქვენ სრულყოფილად გაეცით ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ ვერ გაეცით პასუხი და მეორეს უნდა, რომ დაასრულოს? ვაძლევ სიტყვას, კი ბატონო,“ – განაცხადა ტურავამ.
ჩუგოშვილმა მოსამართლეს მიუთითა, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი ფორმულირება იყო.
„მე ჩემი მხრივ გავეცი პასუხი და მეორე წარმომადგენელს სურს, რომ დაამატოს. ისე მომმართავთ თითქოს რაღაცა დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ და ეს არის ჩემთვის მიუღებელი. თუ შეიძლება თანაბარი მოპყრობა გამოიჩინეთ,“ – უპასუხა ჩუგოშვილმა ტურავას.
ამასთან, მაია კოპალეიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ აღარ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ სასამართლო მათ მიმართ სამართლიანია.
„ქალბატონო მაია, ხომ არ შეიძლება რომ ყველაფერზე კრიტიკა ვთქვათ. თქვით რაც გინდათ, არ შეგზღუდავთ არც თქვენ და არც ქალბატონ თამარს. მე პრობლემა არ მაქვს, რომ თქვენ მოგისმინოთ, ხვალაც გავაგრძელებ სხდომას და ორშაბათსაც, მაგრამ უბრალოდ მე ერთი რამ გითხარით, რომ როდესაც ერთი უპასუხებს, მეორემ არ გაიმეოროს-მეთქი,“ – განაცხადა ტურავამ.