ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა, რადგან ორივე მხარე ცდილობს პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს.

ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, ის ვერ შეძლებს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, რადგან „შეთანხმების დარღვევა ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება“.

„8 მარტის შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას. მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების.

საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდგომ.

შეთანხმების ტექსტი ამბობს: “ვთანხმდებით, რომ კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა იქნას აღქმული, როგორც ქართული მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირება და მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.”

ამ ჩანაწერის შესაბამისად უკვე მოხდა ხაზარაძის, გვარამიას და სხვების საქმეების უვადოდ გადადება და გათავისუფლდა თამლიანი.

შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი. ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ოქრუაშვილის და რურუას საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით.

მე თანამდებობა და უმრავლესობა დავტოვე საარჩევნო სისტემის ცვლილებების ჩაგდების გამო და დღემდე სწორედ ეს საკითხი რჩება მთავარ ინტერესად, ვინაიდან ეს ცვლილებები ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად აუცილებელი მგონია.

დღეს უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. ორივე მხარე ცდილობს ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს. მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება”,-წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიადამ კინზინგერი – აუცილებელია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ელჩებმა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს