ჭუბერში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშოები დილიდან განახლდა

ჭუბერში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებული მძიმე ტექნიკა მდინარის კალაპოტს წყალდიდობის დროს ჩამოტანილი მასალისგან წმენდს. ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი, მისი განცხადებით:

რომ არა გასულ წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩატარებული აღდგენითი, სტიქიის საპრევენციო და კალაპოტის მოწყობის ღონისძიებები დღეს რთული შედეგი გვექნებოდა, რადგან ხეობაში მოსული უხვი ნალექი შარშანდელზე ნაკლები არ იყო.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია, წუხელ ხეობაში არ უწვიმია, წყლის დონემ იკლო, მდინარე კალაპოტში მიედინება.

მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრმა და სტიქიის საპრევენციო ნაგებობამ თავისი ფუნქცია შეასრულა, მოხდა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანება, რასაც მოსახლეობისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“რეალმა” “ჩელსის” ლიდერი იყიდა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის