ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგდა

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სასმელი წყალი დაურიგა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას საკვები პროდუქტებითაც მოამარაგებენ.

„წყლის სისტემის დაზიანების გამო, დაზარალებულ ოჯახებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, რის გამოც ჩვენ უზრუნველვყავით სასმელი წყლით მათი მომარაგება. როგორც ჩვენ, ასევე სოფლის რწმუნებული მუდმივ კონტაქტზე ვართ ადგილობრივებთან და საჭიროების შემთვევაში, მზად ვართ, ისინი საკვები პროდუქტებითაც მოვამარაგოთ. თუმცა ამ დროისთვის ამის საჭიროება არ ყოფილა“, – განაცხადა მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცით, ამ დროისთვის, ჭუბერის ცენტრალური გზა გაწმენდილია, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი და დროებითი ხიდების განსათავსებლად საპროექტო სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების, სასმელი წყლის მილების და საავტომობილო გზების დაზიანება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შტეფან მაიერი – „გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას“
შემდეგი სტატიატყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი – პრემიერი ჭუბერის სტიქიაზე