„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ვის აწყობს მოსკოვის და ბერლინის დაახლოვება?

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“. ვის აწყობს მოსკოვის და ბერლინის დაახლოვება?

ჯუდი დემპსიავტორი ჯუდი დემპსი, კარნეგის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ბლოგის, „სტრატეგიული ევროპის“ მთავარი რედაქტორი
ცივი ომი კარგა ხანია დასრულდა, Ostpolitik-ამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, თუმცა გერმანელ პოლიტიკოსებს შორის მაინც მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც მზად არიან აღადგინონ რუსეთთან მჭიდო ურთიერთობები.
ანგელა მერკელმა ბევრი ქება დაიმსახურა თავისი პოლიტიკის გამო რუსეთის და უკრაინის მიმართ. კანცლერმა შეძლო ევროკავშირის გაერთიანება რთულ სიტუაციაში, როცა საჭირო შეიქნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მან არაერთხელ მიიღო ბერლინში უკრაინის პრეზიდენტი და ეხლაც მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ სანქციების არ უნდა მოიხსნას მინსკის შეთანხმებების სრულ განხორციელებამდე.
თუმცა მისი კოალიციის მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები სხვა აზრის არიან, მათ არ სურთ უარი თქვან გერმანიის და რუსეთის დაახლოვებაზე, ე.წ. Ostpolitik-ზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო.
სოციალ-დემოკრატების ლიდერები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ Ostpolitik ევროპული სტაბილურობის და უსაფრთხოების ქვაკუთხედია, თუმცა რეალურად, დღეისთვის უადგილო და ანაქრონულია. ცივი ომი დიდი ხანია დამთავრდა, ისევე როგორც მის მერე დამდგარი ომისშემდგომი პერიოდი. Ostpolitik-ის მეთოდებმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ბევრი რამ შეიცვალა ევროპაში, რუსეთში და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის მდებარეობენ. Ostpolitik-ის განახლება გამოიწვევს ნეგატიურ შედეგებს მთელი აღმოსავლეთ ევროპისთვის, რადგან ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთ-გერმანიის მოლაპარაკებების განსაკუთრებულ ინტერესს.
რუსულ-გერმანული ურთიერთობების მომხრეა სოციალ-დემოკრატების ლიდერი ზიგმარ გაბრიელი, რომელსაც მხარს უჭერს კიდევ ერთი სოც-დეკი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ოქტომბრის დასაწყისში გაბრიელემ რუსეთისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვა. 28 ოქტომბერს, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის პუტინს და გაზპრომის მეთაურს, მილერს შეხვდა, მან წუხილი გამოთქვა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობის გამო.
ზიგმარ გაბრიელემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ „წავიდა ჩვენი ორი ქვეყნის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით“. მან აგრეთვე გამოთქვა აზრი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით: „ვთვლი, რომ სიტუაცია უკრაინის ირგვლივ უფრო სიმპტომია და არა არსებული პრობლემების მიზეზი“; რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან მხარეები, რომელთაც აწყობს ამ კონფლიქტის გაგრძელება და არა გადალახვა“.
გაბრიელემ ასევე მხარი დაუჭირა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს, რომელიც ითვალისწინებს ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული გაზის მილსადენების ქსელის გაფართოვებას და რომლის მეშვეობით გაზპრომი რუსეთიდან პირდაპირ გერმანიას მიაწვდის გაზს. თავდაპირველად, ამ პროექტს ლობირებდა მერკელის წინამორბედი, სოც-დეკი გერჰარდ შრიოდერი, რომლის გვარი ირიცხება გაზპრომის სახელფასო უწყებებში.

გაზპრომის საბოლოო მიზანია, რომ რუსეთი არ იყოს დამოკიდებული უკრაინაზე, როგორც ევროპის მომგებიან ბაზრებთან დამაკავშირებელ ძირითადი სატრანზიტო მარშრუტზე. 2013 წელს რუსეთის მიერ მიწოდებულმა ცისფერმა საწვავმა ევროპაში მოხმარებული გაზის 30% შეადგინა. ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედება გამოიწვევს იმას, რომ უკრაინა ყოველწლიურად დაკარგავს 2 მლრდ დოლარის მოგებას, რომელსაც ღებულობს რუსეთის გაზის ტრანპორტირებისგან.
ამ პროექტის კრიტიკოსებმა, ბალტიის ქვეყნების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების თავკაცობით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ წინააღმდეგ წერილი გაუგზავნეს ევროკომისიას. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალი გაზსადენი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტს, ხოლო გაზპრომი საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის აზრი მდგომარეობს ე.წ. დაყოფის პრინციპში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციას და ლიბერალური ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას ევროკავშირში. 2014 წელს ევროკომისიის წესების ზემოქმედებით გაზპრომმა უარი თქვა სამხრეთის ნაკადის პროექტზე, რომელიც შავი ზღვი ფსკერზე გამავალი გაზსადენით რუსეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დააკავშირებდა. ამასთან, პროექტი არ შეესატყვისებოდა მესამე პაკეტს. რატომ არ შეუძლია კომისიას იგივე პრინციპები გამოიყენოს ჩრდილოეთის მეორე ნაკადთან?
ეტყობა, გაბრიელემ გადაწყვიტა ევროკომისიის დაშინება. მან პუტინს უთხრა, რომ „მეორე ნაკადი გერმანიის ხელისუფლების კომპეტენციაში დარჩება… თუ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას, მაშინ გარედან ჩარევის შესაძლებლობა შეიზღუდება, რაც ამ საკითხებში პოლიტიკურ ჩარევასაც შეზღუდავს“.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგეტიკულ კავშირზე პასუხისმგებელმა მაროშ შეფჩოვიჩმა ბუნდოვანი განმარტება გააკეთა მეორე ნაკადის თავსებადობაზე მესამე ენერგეტუკული პაკეტის პრინციპებთან. თუმცა, როგორც ყოფილმა სლოვაკელმა დიპლომატმა, უნდა იცოდეს, რომ ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილი მოწყვლადი გახდება, თუ უკრაინა არ იქნება რუსეთის გაზის სატრანზიტო დერეფანი. გერმანიაც უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსეთის გაზზე, რომელზედაც ისედაც მოდის ქვეყნისთვის საჭირო გაზის 30%.
ამას გარდა, გერმანიას სურს რუსეთს შესთავაზოს სპეციალური საინვესტიციო და ენერგეტიკული შეთანხმებები, რომ აიცილოს შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური უთანხმოება კიევსა და მოსკოვს შორის მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და უკრაინას შორის ამუშავდება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონა.
შტაინმაიერმა მოსკოვისთვის საინვესტიციო და ენერგეტიკული დათმობების იდეა შესთავაზა სესილია მალმსტრემს, ევროკავშირის ვაჭრობის კომისარს, რომელიც „შესაძლებლობას მისცემს, დროული რეაგირება გააკეთონ რუსეთის სურვილებზე და დაიწყონ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ენერგეტიკის და ინვესტიციების დაცვის საკითხებზე“. წელს, ევროკავშირმა, რუსეთის ზეწოლის შედეგად, ერთხელ უკვე გადადო თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემოღება უკრაინასა და ევროკავშირს შორის.
ასევე, ბერლინი მხარს უჭერს „ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თანამშრომლობის იდეას, რომელიც შეთავსებული იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან გადაწყვეტასთან“.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელშიც ლიდერობს რუსეთი, შედის ბელურუსი, ყაზახეთი და სომხეთი.
ბერლინის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მხარდაჭერა წამგებიანი იქნება მისი აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრებისთვის. ისინი შიშობენ, რომ გერმანიის პოზიცია ხელს შეუშლის მათ გათავისუფლებას რუსეთის ჩარევისგან მათ შინაურ საქმეებში და ენერგეტიკული ზეგავლენისგან.

banner
წინა სტატიაში4 უცხოელი, ხელვაჩაურის რაიონში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა…
შემდეგი სტატიათურქეთში გაზეთ ,,ჰურიეთის,, ოფისი დაცხრილეს…