ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის პროცესში სუს-ი, თავდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იყო ჩართული – შაიშმელაშვილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის პროცესში არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა, სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ირაკლი შაიმშელაშვილს შეუძლებლად მიაჩნია, რომ ჩორჩანაში საგუშაგო მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ისე ჩაედგა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სხვა უწყების მაღალჩინოსნებისთვის არ მიეწოდებინა და საკითხის თაობაზე მათი თანხმობა არ ჰქონოდა.

ირაკლი შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის წინა პლანზე წამოწევა “უნიჭოდ დადგმული ხელოვნური სპექტაკლია”, რომლის მიზანიც, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, გიორგი გახარიას დაპატიმრებაა.

ჩემი აზრით, ეს არის კიდევ ერთი უნიჭოდ დადგმული ხელოვნური სპექტაკლი, მაგრამ ეს სპექტაკლი სახიფათო ფაზაში შეყავთ, რადგან ეროვნული ინტერესებით მანიპულირებას ახდენენ. მე არ მაქვს ინფორმაცია, მაშინდელ შს მინისტრს ვისთან ჰქონდა მოლაპარაკებები და ვისთან შეათანხმა, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, როდესაც დაევალა ქვედანაყოფს, რომ ღონისძიება განხორციელებულიყო, ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სუს-ი, შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა გვეხმარებოდა. ვიცი, რომ ჩართული იყო სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური და ა.შ.. ეს იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ხაშურის მერია, არა მარტო ხაშურის, არამედ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიც საქმის კურსში იყო.

შესაბამისად, წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ეს საკითხი ერთ ადამიანს ისე გაეკეთებინა, რომ არ შეეთანხმებინა… ეს არ არის მხოლოდ გახარიაზე მიმართული ზიზღი და აგრესია. წულუკიანმა თავისი კომისიით ვერ დაიჭირა, დაიბარეს და მივიდა. ის, რომ გახარია დაიჭირონ, თემა წამოწიეს ისეთი, რომელიც ძალიან სენსიტიურია და სახელმწიფოს ინტერესებს ურტყამს… თითოეული განცხადება, გახარიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება ხვალ შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების მიერ…

დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ახდენენ ზეწოლას. დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანა არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა. ანუ, მათი მთავრობის შიდა დისკუსიებში და საუბრებში ყოველვთის ამ თემით მანიპულირებენ. დღის წესრიგში უდგათ, რომ საგუშაგოს საქართველოს მთავრობას ააღებინებენ.” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს.

“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

„ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო – თქვა “ქართული ოცნების” საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.

 

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ადამია: ისრაელსა და ირანს შორის ომში  ირანის რეჟიმი, ძალიან მოკლე დროში დამარცხდება
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებაზე” ზეწოლას რუსები ახდენენ – შაიშმელაშვილი