პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ჩორჩანას საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარე ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვასა და საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვას მოითხოვს.
სიჭინავას თქმით, საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ შინდისის მემორიალთან გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. პოლიტიკოსის შეფასებით, ამ განცხადებით კობახიძემ ირიბად აღიარა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს გახარიას მიერ საპოლიციო საგუშაგოს აგებით ქვეყანამ მიწის ნაკვეთი დაკარგა, მტკნარი სიცრუე იყო.
„კობახიძეს რეალური ინფორმაცია წამოსცდა… ფაქტობრივად, ამით პირდაპირ აღიარა, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებული ნარატივი, თითქოს საგუშაგოს აღმართვა ტერიტორიულ ოკუპაციად დაუჯდა ქვეყანას, იყო მტკნარი სიცრუე. იმედი მაქვს, სასამართლო დაუშვებს ამ გამოსვლას მტკიცებულებად და გამოვიძახებთ მას მოწმედ, რადგან პრემიერ-მინისტრს ოკუპაციასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პოლიტიკოსის განმარტებით, გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აგებით, ქვეყანამ 16 მილიონი კვადრატული მეტრი შეინარჩუნა.















